რამდენიმე საუკუნის წინ, პიკნიკების ორგანიზება, მაღალი საზოგადოების პრივილეგია იყო. დღესდღეობით, გულდასმით ორგანიზებული ელიტური ღონისძიებიდან პიკნიკი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებისმიერი ოჯახის დემოკრატიულ დასვენებად იქცა.

 

1. პიკნიკი ტრენდია ფრანგების წყალობით

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, პირველები  სწორედ ფრანგები გაემართნენ პიკნიკზე. ფრანგების კვალდაკვალ ბუნებაში დასვენება ინგლისელებმა შეიყვარეს. თუმცა ისინი დღემდე დავობენ იმის თაობაზე, თუ ვინ შესძინა პიკნიკებს პოპულარობა. არგუმენტები ორივე მხარეს აქვს, თუმცა  ჩვენ მივაგენით რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ფაქტს, რომელიც ფრანგების სასარგებლოდ მეტყველებს.

მაგალითად, ფრანგმა გრაფმა გასტონ III  მე-14 საუკუნეში დაწერა „წიგნი ნადირობაზე“. ეს წიგნი საზოგადოებაში ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა და მისი ილუსტრაციისთვის მე-15 საუკუნის ტილო იქნა გამოყენებული, რომელზეც კეთილშობილი ფრანგების პიკნიკია ბუნებაში გამოსახული. არსებობს კიდევ ერთი უსახელო ტილო, რომლის სიუჟეტსაც საფუძვლად უდევს პიკნიკი. 1723 წელს დღის სინათლე იხილა ფრანგი ფერმწერის ფრანსუა ლემუანის ნამუშევარმა „მონადირეების დასვენება“. ისტორიულ რეტროსპექტივაში პიკნიკის მოხსენიების ეს ყველაზე ადრეული მაგალითებია.

2. სიტყვა „პიკნიკის“ თანამედროვე მნიშვნელობა

სიტყვა „პიკნიკს“ ფრანგული ფესვები აქვს, რაც ნიშნავდა სადილს ან ვახშამს, რომელზეც    ყველა სტუმარი თავისი საკვებით მიდიოდა.

მხოლოდ 1740 წელს, საფრანგეთის აკადემიამ ოფიციალურად შემოიღო სიტყვა „პიკნიკი“ მისი თანამედროვე მნიშვნელობით, რაც „ბუნებაში წასახემსებლად გამგზავრებას“ გულისხმობს. ბუნებაში სასიამოვნო წახემსების იდეამ მალე მოიპოვა პოპულარობა.

3. ფრანგების გარდა პიკნიკებზე ინგლისელებიც დადიოდნენ

საფრანგეთსა და ინგლისში იდეალური პიკნიკის კონცეფცია ერთგვაროვანი არ ყოფილა. მოდისა და ყველის დედაქალაქში პიკნიკები მეტწილად ორგანიზებული იყო. სტუმრები ყოველთვის მდიდრულად იყვნენ ჩაცმულნი, ხოლო კერძებსა და წასახემსებელს პიკნიკებისთვის უმაღლეს დონეზე ამზადებდნენ. გემრიელი სადილის წინ, ფრანგები ცოტა ხნით ქალაქგარეთ მიემგზავრებოდნენ გასასეირნებლად. სეირნობის პროცესში ტბის ან მდინარის სანაპიროზე წარმტაც ადგილებს ეძებდნენ, სადაც წახემსებაც და დასვენებაც იქნებოდა შესაძლებელი. თან მიჰქონდათ ყველი, პური, ხილი,  ხორცი, შაშხი და ღვინო.

ინგლისში კი პიკნიკი  საინტერესო ნადირობის, ადგილობრივი მაღალი საზოგადოების ყველაზე საყვარელი გასართობი საქმიანობის - ნადირობის ფინალურ სტადიას წარმოადგენდა. გარკვეული ხნის შემდეგ, ინგლისელებს საკუთარი ტენდენციები გაუჩნდათ, რომლებიც კარნახობდნენ, როგორი უნდა იყოს პიკნიკი. აუცილებელ ატრიბუტად იქცა პლედები, როტანგის კალათები საგზალისთვის, სპეციალური დანები ყველისთვის, სელის სუფრები. რესპექტაბელურ პიკნიკებს თავიანთ ტილოებზე გამოსახავდნენ უდიდესი მხატვრები კარლ მონე და ედუარ მანე.

ბრიტანეთში წიგნიც კი დაიწერა “Mrs. Beeton’s Book of Household Management”, რომელშიც   გადმოცემული იყო, როგორ ხდება პიკნიკის ორგანიზება. მენიუში აუცილებელი პოზიციები ეკავათ ცივ როსტბიფს, ხორცის ღვეზელს, შემწვარ წიწილას, იხვებსა და ნაღების პუდინგს. ხოლო წყურვილის მოსაკლავად შემოთავაზებული იყო რამდენიმე ბოთლი ლუდის, ღვინისა და ბრენდის წაღება.

4. პიკნიკის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება

არის ასეთი დღე წელიწადში, როცა პიკნიკზე წასვლა უბრალოდ საჭიროა. 18 ივნისს პიკნიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თუ საყვარელი მეგობრები დიდი ხანია არ გინახავთ და შეხვედრისთვის საინტერესო მიზეზს ეძებთ, ეს სწორედ რომ უნიკალური შანსია!

5. მწვადი დედამიწის ნებისმიერ წერტილშია პოპულარული

სოციალური გამოკითხვის ჩატარების აუცილებლობაც კი არ არსებობს იმის მისახვედრად,  რომელი კერძი მიესადაგება ყველაზე მეტად ბუნებაში დასვენებას - ეს მწვადია! უნივერსალური კერძი პოპულარულია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მწვადის მომზადების თავისებურებები რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისგან.

იაპონურ მწვადს „იაკოტირი“ ჰქვია.  ამ მწვადს ძირითადად ფრინველის ხორცისა და ზღვის პროდუქტებისგან ამზადებენ. აზიის სამხრეთში უყვართ სატე - პიკანტური სანელებლებით დამარინადებული და ბამბუკის ჩხირებზე წამოცმული ხორცი. ავსტრალიელებს პიკნიკზე არა მხოლოდ საქონლის ხორცი და ზღვის პროდუქტები მიაქვთ, არამედ   სირაქლემასა და კენგურუს ხორცზეც არ ამბობენ უარს. სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში ცეცხლზე წვავენ დაბეგვილი ხორცის კოტლეტებს, ანტრეკოტს და თევზს. ინდოეთში ქათამს და თევზს უხვად ამარინადებენ  პიკანტურ სანელებლებში. სკანდინავიის ქვეყნებში უპირატესობას ციკნის ხორცს ან ორაგულს ანიჭებენ, რომელსაც შამფურზე აგებენ ხახვთან, ბოსტნეულთან და ღანძილთან ერთად. საქართველოში პოპულარულია ღორისა და ხბოს მწვადი, რომელსაც წინასწარ ამარინადებენ და წალამზე წვავენ. შემწვარ ხორცს წინასწარ გამზადებულ რგოლებად დაჭრილ ხახვში ურევენ.