პიკნიკი წარმოუდგენელია გემრიელი საჭმლის გარეშე. სუფთა ჰაერი, სხვადასხვა სპორტული და თუ სახალისო აქტივობა და ბუნება ხელს უწყობს მადის გაძლიერებას.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი პიკნიკის განუყოფელი ნაწილი მწვადია. ეს კერძი იდეალურია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მის მომზადებას დრო სჭირდება.

ლოდინი არც ისე დამღლელი იქნება, თუკი წინასწარ ვიფიქრებთ საგზალზე, რომლითაც სტუმრებს გავუმასპინძლდებით, სანამ ადგილზე ხორცი მომზადდება.

გადავწყვიტეთ, შევარჩიოთ მარტივი, გემრიელი, ადვილადპორტირებადი და რაც მთავარია, ქართული კერძები თქვენი პიკნიკის მენიუსთვის.

 

ჭვიშტარი

ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია სიმინდის ფქვილის გარეშე, ჭვიშტარი კი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და მარტივი კერძია.

ინგრედიენტები:

  • მჭადისფქვილი - 500 გრ
  • სულგუნი - 300 გრ.
  • კვერცხი - 1ც
  • წყალი

მომზადების წესი:

გახეხეთ სულგუნი. გააზავეთ ჭადის ფქვილი წყლით (ისე, რომ ცომი არ იყოს თხელი), შეურიეთ კვერცხი, ყველი და კარგად გადაზილეთ. დაყავით ცომი თანაბარ ნაწილებად, მიეცით ოვალური ფორმა და შეწვით ცოტაოდენ ზეთში.

ნიგვზიანი ბადრიჯანი 

ნიგვზიან ბადრიჯანზე არასდროს ამბობენ უარს, პიკნიკის დროსაც კი!

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი - 2 ცალი
  • ნიგოზი - 150 გრ
  • ხმელი ქინძი - 1 ჩ.კ
  • ხმელი სუნელი -1 ჩ.კ
  • ნედლი ქინძი - 100 გრ
  • ზაფრანა - ½ ჩ.კ
  • წითელი წიწაკა - ½ ჩ.კ
  • ნიორი - 30 გრ
  • ღვინის ძმარი - 30 მლ

მომზადების წესი:

  1. გავთალოთ ბადრიჯანი და დავჭრათ 4-5 გრძელ ნაჭრად. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავაწყოთ ბადრიჯანი და შევწვათ ორივე მხრიდან. დავაყაროთ მარილი, გადმოვიღოთ ტაფიდან და დავალაგოთ სამზარეულო ქაღალდზე
  2. სანამ ბადრიჯანი გაცივდება, ქაღალდი შეიწოვს ზედმეტ ცხიმს, შემდეგ ისევ დავაყაროთ მარილი
  3. წვრილად დავჭრათ ქინძი და გავატაროთ ნიგოზთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში.
  4. დავნაყოთ წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, მარილი და ხმელი ქინძი, დავამატოთ ნიორი და გავაგრძელოთ ნაყვა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
  5. შემდეგ ეს მასა შევურიოთ გატარებულ ნიგოზსა და ქინძს, დავამატოთ ძმარი და წყალი, ვურიოთ არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე, დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები და ფრთხილად ამოვურიოთ
  6. გადავუსვათ ბადრიჯანს მიღებული მასა და გადავახვიოთ რულეტივით 

ქართული სალათი

პიკნიკი წარმოუდგენელია სალათის გარეშე, ქართველების საყვარელი სალათის მომზადება კი ადგილზევე არის შესაძლებელი.

ინგრედიენტები:

  • პომიდორი - 1 კგ
  • კიტრი - 1 კგ
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიგოზი - 100 გრ
  • რეჰანი, ქინძი, მწვანე წიწაკა, ძმარი, კახური ზეთი და მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

დაჭერით ყველა ინგრედიენტი, დაამატეთ წინასწარ გატარებული ნიგოზი, ძმარი და კახური ზეთი.

ქართული კანაპე

კერძის სათაური კი ჟღერს არაორგანულად, თუმცა კანაპეს ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს ქართული გემო. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩერი პომიდორი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი სულგუნი, რეჰანის ფოთლები და რა თქმა უნდა, კანაპეს ჩხირები. 

ბოსტნეულის თეფში ან ბოსტნეულის ჩხირები

ვერავინ იტყვის უარს მსუბუქ, სასარგებლო და ნოყიერ ბოსტნეულზე. გირჩევთ, რომ ბოსტნეული ჯერ კიდევ შინ ყოფნისას მოამზადოთ. დაჭერით სასურველი ინგრედიენტები საშუალო ნაჭრებად და ჩაალაგეთ კონტეინერის ფსკერზე. არ დაგავიწყდეთ მწვანილი. ოხრახუში, კამა, ქინძი და მწვანე ხახვი არა მარტო ბოსტნეულის გემოს გაალამაზებს, არამედ ხორცისთვისაც გამოგადგებათ.

ასევე, შეგიძლიათ დაჭრათ ბოსტნეული ჩხირების ფორმებად. 

ხაჭაპური და ლობიანი

დარწმუნებულები ვართ, ხაჭაპურის და ლობიანის გარეშე თქვენი პიკნიკი ნაკლებად გემრიელი იქნება. ნუ იტყვით უარს ასეთ სიამოვნებაზე, აუცილებლად მოამზადეთ რომელიმე მაინც.

ცომის ინგრედიენტები:

  • უმაღლესი ხარისხის ფქვილი - 500 გრ
  • მაწონი - 100 გრ
  • რძე - 130 მლ
  • შაქარი - 10 გრ
  • მარილი - 12 გრ
  • სოდა - 8 გრ 

ცომის მომზადების წესი:

  1. ჭურჭელში მოვათავსოთ ფქვილი
  2. დავასხათ მაწონი, რძე, შაქარი, მარილი, სოდა
  3. დავახალოთ 1 კვერცხი
  4. კარგად მოვზილოთ, ისე რომ არ იყოს ცომის კოლტები (დაახლოებით 5 წუთი)
  5. ცომი დავასვენოთ 15 წუთით, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილოთ და დავაგუნდავოთ. დავასვენოთ კიდევ 5 წუთით

ხაჭაპურის შიგთავსის ინგრედიენტები:

  • სულგუნი - 270 გრ
  • იმერული ყველი - 270 გრ
  • კვერცხი - 2 ცალი

ხაჭაპურის  მომზადების წესი:

  1. გავხეხოთ ყველი, კარგად გავწუროთ და შევურიოთ კვერცხი
  2. ცომის გუნდა გავაბრტყელოთ ისე, რომ ცენტრში იყოს უფრო სქელი, გარშემო კი უფრო თხელი
  3. ყველის ბურთი მოვათავსოთ ცენტრში, ცომი ხინკალივით შემოვაკრათ და მოვაჭრათ კუჭი
  4. გუნდა ნაკერის მხარით დავასვენოთ დაფქვილულ ზედაპირზე
  5. 3 წუთში ავიღოთ ყველიანი გუნდა და ცენტრიდან გარეთ დავიწყოთ გაბრტყელება
  6. გაბრტყელებული ხაჭაპური გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შევწვათ 

ლობიანის შიგთავსის ინგრედიენტები:

  • მოხარშული ლობიო - 430 გრ
  • ხახვი - 70 გრ
  • ხმელი ქინძი - 15 გრ
  • უცხო სუნელი - 15 გრ
  • დაღერღილი წითელი წიწაკა - 10 გრ

მოვთუშოთ ხახვი, შევურიოთ ლობიოს და კარგათ გავსრისოთ. ასევე, დავამატოთ სუნელები და მარილი. დანარჩენი ეტაპები კი ისეთივეა, როგორც ხაჭაპურის. 

გისურვებთ გემრიელ დასვენებას!