ყველაზე გემრიელი და ნაზი მწვადი, რომელიც კულინარიული ხელოვნების ყველა წესითაა მომზადებული, შეიძლება კიდევ უფრო გემრიელი გავხადოთ, თუ დავამატებთ სწორ კომპონენტებსა და გარნირებს:  კარგ წითელ მშრალ ღვინოს, ოდნავ მჟავე სოუსს, ცოცხალ მწვანილს, სიცივისგან დაორთქლილ „ბორჯომს“, რომელიც ხორციან კერძებს ძალიან მოუხდება და  რა თქმა უნდა, ბოსტნეულს.  ღია ცის ქვეშ გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს საოცარი გემო აქვს, რომლის მიღებაც ქალაქის სამზარეულოში უბრალოდ შეუძლებელია.

სალათისთვის

პიკნიკზე წასვლისას აუცილებლად გაიყოლეთ ახალი ბოსტნეული, რომელიც  შეგიძლიათ უბრალოდ დაჭრათ და დაალაგოთ ცალკე თეფშზე ან პირდაპირ გააკეთოთ სალათი. მაგალითად, როგორც თევზისთვის, ასევე ხორცისთვის ძალიან კარგი იქნება მსუბუქი სალათი ახალი კიტრითა და ცოცხალი მწვანილით, რომელსაც გაუკეთებთ სოუსს მცენარეული ზეთით, თაფლით, მდოგვით  და ლიმნის წვენით. გარდა ამისა, კიტრის  სალათებს შეგიძლიათ დაამატოთ უცხიმო იოგურტი და სოიოს სოუსიც კი, რომელსაც თავის მხრივ შეურევთ ნიორს და ქუნჟუთის მარცვლებს.

ხორცისთვის რაიმე უფრო ცოტა რთული და პიკანტურის გაკეთებაც შეიძლება - სალათი პომიდვრით, კიტრით, ხახვით, რომელსაც დაუმატებთ ნიგოზს, ნიორს და ლიმნის წვენს ან უბრალოდ ბოლოკით გაამდიდრებთ, რომელიც თავის სიცხარეს მისცემს სალათს.

ხორცის გემოს ხაზს გაუსვამს გარნირად სალათი, რომელიც ჩერი პომიდვრით არის მომზადებული და დამატებული ზეთის ხილი, ყველი  და კონსერვირებული სიმინდი. ასევე საკმაზის სახით შეგიძლიათ დაუმატოთ უცხიმო იოგურტი ან ზეითუნის ზეთი.

გახსოვდეთ, რომ სალათისთვის ბოსტნეული უნდა დაჭრათ მსხვილად, განსაკუთრებით, პომიდორი, რომ წვენი ინტენსიურად არ გაუვიდეს, საკმაზი კი მოამზადეთ შინ და ჩაასხით ჰერმეტულ ჭურჭელში.

უპირატესობები: შესანიშნავი საშუალებაა საიმისოდ, რომ გააკვირვოთ სტუმრები და კულინარები ბოსტნეულის მოულოდნელი მიქსებით და გემოს შეხამებით.

მინუსები: სხვადასხვაგვარი სალათების მომზადება ღია ცის ქვეშ ბევრ საზრუნავთან არის დაკავშირებული და ძალიან მოუხერხებელია, განსაკუთრებით, თუ წყალი შეზღუდული რაოდენობით გაქვთ და თან არ გაქვთ შესაბამისი ჭურჭელიც.

ამიტომ უფრო პრაქტიკული, ასევე არანაკლებ მიმზიდველი და გემრიელია სხვა ვარიანტიც - ბოსტნეული გრილზე.

გრილზე მოსამზადებლად

მაშ ასე, სანამ ხორცი იწვება, სცადეთ ბოსტნეულის აცმა შამფურზე - წიწაკა, ყაბაყი და ქამა სოკო. წინასწარ დაამარინადეთ ეს ინგრედიენტები მცენარეული ზეთისა და ლიმნის წვენის ნაზავში ნივრით, როზმარინით და ქონდრით. საამისოდ შეარჩიეთ „ხორციანი“ და წვნიანი ბოსტნეული - წიწაკა სქელი კედლებით, სამეფო ქამა სოკო, რომელთაც ამავე დროს უფრო მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს. ამასთან, სასურველია, რომ ყველაფერი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრათ (2-3 სმ სისქის) და გრილზე არ გააჩეროთ ზედმეტად - 5-7 წუთი საკმარისია სრული მომზადებისთვის.

და კიდევ ცოტაც სოკოს შესახებ: ქამა სოკო, მომზადების წინ, შეგიძლიათ ცოტა ხნით დაამარინადოთ უცხიმო მაიონეზის, არაჟნის ან იოგურტის ნაზავში და დაამატოთ ერთი კბილი დაჭრილი ნიორი. მზა სოკოს გემო და არომატი არაჩვეულებრივი იქნება!

ბადრიჯანი და ყაბაყი (ცუკინი)

აუცილებლად შეარჩიეთ მცირე ზომის, სულ ცინცხალი, სქელი კანის გარეშე, ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად გამზადდება და რბილი და ნაზი გემო ექნება. ამ ბოსტნეულს წვავენ წრიულად დაჭრილს 1,5 სმ სისქის ნაჭრებად, რომლებსაც უნდა წაუსვათ ზეითუნის ზეთი და 2-3 წუთი დაბრაწოთ ყოველ მხარეს.

თუ სიმინდის ჭყინტი ტაროები გაქვთ, აუცილებლად შებრაწეთ ისინი გრილზე, ამასთან რაც უფრო ჭყინტია, მით უკეთესი - ასეთი სიმინდი შეგიძლიათ მიირთვათ მარილმოყრილი ან სოუსში ამოვლებული, რომლის დასამზადებლადაც გამოიყენებთ პარმეზანს, წიწაკას და ლაიმის წვენს. გადასარევია! ან უბრალოდ დაალაგეთ გაურჩეველი ტაროები გრილზე, გემო და არომატი ნატურალური ექნება! სხვათა შორის, თუ პიკნიკზე აპირებთ გამგზავრებას იმ დროს, როცა ჭყინტი სიმინდის სეზონი არ არის, ხოლო რაიმე მსგავსი კერძით გინდათ ისუსნაოთ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.

თუმცა, გრილზე მოსამზადებლად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოდგება პრაქტიკულად ყველა ბოსტნეული, რომელიც საქართველოში მოდის, რაც მთავარია არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და დატკბით თქვენი კულინარული მიღწევებით.